რატომ უნდა შექმნან ბოტები მწერლებმა და სცენარისტებმა

რა არის ბოტი?

მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდბელად სხვადახვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. რობოტი ადამიანის შექმნილია და დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს. ამ დავალებებს რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თავად სიტყვა „რობოტი“ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და იგი პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა - „ბოტი“ წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადახვა ამოცანებს. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან.

რა არის ჩეთ ბოტი?

ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი (ინგ. Chat საუბარი). ჩეთ ბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. ჩეთ ბოტს ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა.  

ჯერ კიდევ 1956 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა (Alan Turing) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება" (Computing Machinery and Intelligence), რომელიც ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალ "MIND”-ში გამოაქვეყდა, შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?". ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადამიანსა და ერთი კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადამიანს. ტურინგი ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო.

რატომ უნდა შექმნან ბოტები მწერლებმა და სცენარისტებმა (და არა მარტო მათ)

ზოგადად ჩეთბოტები შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ:1] ბოტები მკაცრად განსაზღვრული წესებით და 2] ბოტები ხელოვნური ინტელექტის წვეთით. პირველი ბოტის ტიპებს მთლიანად ადამიანები ავსებენ შინაარსით და ის იმდენად “ჭკვიანი” გამოდის - რა დონეზეც შეივსება. მეორე ტიპის ბოტები ნეირონულ ქსელებს და ხელოვნური ინტელექტის სხვა ტექნოლოგიებს იყენებენ იმისთვის რომ “თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება” თუ რა თქვან. მაგრამ ორივე შემთხვევაში ჯერჯერობით ბოტი მაინც საჭიროებს ადამიანს. თავდაპირველად ადამიანმა უნდა დაწეროს ის პირველი სიტყვები, რომელსაც ახალდაბადებული ბოტი ეტყვის სამყაროს.

რატომ უნდა სცადონ საკუთარი ბოტის გაკეთება მწერლებმა? ქვევით ჩამოვთვლით რამდენიმე მომენტს სადაც “ცივი ალგორითმისთვის” ჰაერივით აუცილებელი ხდება სიტყვების ფლობის ხელოვნება.

01. ახალი პროფესია

აღმოჩნდა რომ ავტომატიზირებულ სისტემებსაც ჭირდებათ პირადი ისტორია, პირადი მითი. ის თუ როგორ ისტორიას მიაბავ შენს ბოტს, რა ფრაზებით ისაუბრებს თუ როგორი ბიოგრაფია ექნება – განსაზღვრავს მასთან საუბრების უდიდეს ნაწილს, სიმპათიებსა და ანტიპათიებს მის მიმართ. მნიშვნელოვანია ბოტი თავისი ფუნქციისთვის ადეკვატურ ენაზე საუბრობდეს და ადამიანებს აინტერესებდეთ მასთან საუბარი.

ამიტომ დღესდღეობით  ჩეთბოტის მწერალი ახალ ქვე-პროფესიად ყალიბდება.

ეს როლი თავის თავში აერთიანებს UX დიზაინერსა და სცენარისტს. ამ შემთხვევაში მწერალს(კოპირაითერს) უწევს წერის პროცესში გაითვალისწინოს როგორც დიზაინის კონცეფციები, ასევე ტექსტის ინტერაქტიულობა. ამგვარად შეგიძლიათ ახალ მაღალტექნოლოგიურ პროფესიაშიც სცადოთ თავი.

02. დიალოგები

სცენარისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგების წერა. ბოტისთვის კი დიალოგები საარსებო წყაროა, ის მხოლოდ ადამიანთან საუბარში არსებობს. შესაბამისად

ბოტის “გაკეთება” გულისხმობს დიალოგის ტოტების  დაწერას. სცენარისტისგან განსხვავებით სადაც დიალოგში კითხვასაც და პასუხსაც ის თავად  წერს, ჩეთბოტის შემთხვევაში მწერალს უცნაური “დიალოგის” წერა უწევს:  შენ წერ მანქანის კითხვებსა და პასუხებს, ისე რომ პარალელურად  გაითვალისწინო მომხმარებლის პოტენციური პასუხები და “მიხვდე” თუ საით წავა ეს დიალოგი. ამ მიხვედრაზე დაფუძნებით კი შექმნა დიალოგის ისეთი ტოტები სადაც ადამიანს ესიამოვნებოდა მოგზაურობა. და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბოტი თან ფუნქციონალურიც უნდა იყოს -- ანუ მიცემულ დავალებას კარგად ასრულებდეს.

03. რას არ ეუბნება ადამიანი ადამიანს, მაგრამ ეუბნება პროგრამას?

აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანსა და ბოტს შორის გარკვეული სიმპათია გაჩნდა -- ადამიანები უფრო ადვილად და ღიად საუბრობენ თავიანთ საიდუმლოებებსა თუ პრობლემებზე. ბოტის შემქმნელის ხელშია დაგროვილი ჩეთ ლოგები(მანქანასა და ადამიანს შორის დიალოგის ჩანაწერები),რომელიც  საკმაოდ საინტერესო ინსპირაციის მასალა შეიძლება გახდეს მწერლისთვის. Big Data-ს ერაში ციფრები საინტერესო ისტორიებს ყვებიან და დაგროვებული მონაცემების გაანალიზება ძალიან დაგეხმარებათ საინტერესო თემების მოძიებაში ან უბრალოდ თქვენთვის უცნობი ადამიანების ფსიქოლოგიური ნიუანსების დასაჭერად, დაგეხმარებათ ნახოთ რა ენაზე საუბრობს ხალხი და რა ამოძრავებთ როცა ერთი ერთზე რჩებიან საკუთარ თავთან და მოსაუბრე მონიტორთან. “კიბერ გალაკტიონის” შექმნის გამოცდილება გვანახებს რომ ადამიანები ხშირად საკმაოდ ინტიმურ თემებზეც ესაუბრებიან პროგრამას,განიხილავენ ცხოვრების აზრს, სიკვდილს ან ამ ადამიანის წინ დამდგარ ცხოვრებისეულ არჩევანს.ეს კი საოცნებო მასალაა ყველა მწერლისთვის ან სცენარისტისთვის, ან თუნდაც ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსისთვის.

04. მკითხველთან პირადი საუბრის უნიკალური შესაძლებლობა

თუ თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის ჩეთბოტის შექმნას -- ეს ნიშნავს რომ გყავს საკუთარი ციფრული ორეული. ამ ორეულს კი ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია თქვენს ნაცვლად საუბარი. ასეთი ფორმით ჩეთბოტი ხდება მედიუმი თქვენსა და თქვენთვის უცნობ ადამიანებს შორის, შეუძლია თქვენი მესიჯები და ნააზრევი გაცილებთ მეტ ადამიანს გააცნოს, მათგან უშუალოდ მიიღოს ფიდბექი. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ჟურნალისტებს საკუთარი ბოტი დაულინკოთ რომ მან თქვენს ნაცვლად მისცეს ინტერვიუ.

თუ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაშ განვიხილავთ ბოტები პოსტბიოლოგიური კომუნიკაციის საშუალებასაც იძლევა, მაგალითად ჩვენს პროექტში “კიბერ გალაკტიონი” -- ადამიანებს საშუალება ეძლევათ თავად გალაკტიონ ტაბიძეს გაესაუბრონ, ეს ჩეთბოტი პასუხებს გალაკტიონის დღიურებსა და ლექსებში ნაპოვნი ფრაზებით სცემს, რითაც ქმნის გალაკტიონთან საუბრის ილუზიას. წარმოიდგინეთ გალაკტიონს თავისივე სიცოცხლეში თავად რომ დაეწყო ამ ბოტის შექმნა და მის ბაზაში რომ შეეყვანა თავისი შეხედულებები, საყვარელი ნაწარმოებები და მოგონებები -- დღეს ათეულობით წლების მერე მას შემდეგ თაობებთანაც შეეძლებოდა გასაუბრება.

05. პერსონაჟების გაცოცხლება

მწერლებს შეუძლიათ საკუთარი პერსონაჟების ბოტები შექმნან და გაუშვან ისინი კიბერსივრცეში ადამიანებთან სასაუბროდ. აქ, დასმული შეკითხვების მიხედვით თქვენ უფრო კარგად მიხვდებით როგორ აღიქმება თქვენი პერსონაჟი, რა უფრო აინტერესებთ მისგან, რომელ კითხვებს აბავს თავს კარგად და რომელ კითხვებზე არ აქვს პასუხი.

06. ექსპერიმენტი

მე და ჩემს გუნდა გვინდა შემოგთავაზოთ ახალი ექსპერიმენტი: დაინტერესებულ მწერლებს, ფსიქოლოგებს ან ფილოსოფოსებს - ჩვენ უფასოდ ვეხმარებით ტექნიკურ ნაწილში, ვთავაზობთ ჩვენს მიერ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას ბოტების შესაქმნელად და ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას -  რათა მათ თავიანთი თემატური ან ექსპერიმენტული ბოტები შექმნან. შეზღუდვები არ არსებობს -- მწერალს შეუძლია გააკეთოს როგორც საკუთარი ტავის ასევე საკუტარი პერსონაჟს ციფრული კლონი და გაუშვას ის ხალხთან სასაუბროდ, ფსიქოლოგს შეუძლია ააწყოს ბოტი რომელიც ონლაინ თერაპიის გარკვეულ ასპექტებს სინჯავს, ფილოსოფოსს შეუძლია შექმნას ბოტი რომელიც ღრმა თემებზე ესაუბრება ადამიანებს,შეგიძლიათ გააკეთოთ პროგრამა რომელიც რევოლუციის პროპაგანდას აწარმოებს ან უბრალოდ არტისტის პორტფოლიოს აცნობს ხალხს.

შეიძლება სადმე არსებობს მსგავსი ექსპერიმენტი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია, ყოველ შემთხვევაში ჩეთბოტების ტექნოლოგიის ამ კუთხით გამოყენება სრულიად ახალია არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. ჩვენც და თქვენც საკუთარი გამოცდილებით მოგვიწევს ამ გამოუკვვლევი სივრცის ათვისება და მისი პერსპექტივებსი დანახვა.

როგორ შევქმნა საკუთარი ჩეთბოტი?

წარსულისგან განსხვავებით,სადაც თქვენ პროგრამირების ცოდნა დაგჭირდებოდათ, დღეს ბოტის შექმნა ძალიან გამარტივებული პროცესია. იმდენად რომ თითქმის ყველას შეუძია ბოტის შექმნა, ამიტომ აქცენტმა უკვე გადაინაცვლა ბოტის შინაარსზე. ეს ძალიან გავს წერის პროცესს - ყველას შეუძლია ანბანის ასოები გამოიყენოს წინადადებების ასაწყობად, მაგრამ ყველა ყველა ვერ შექნის საინტერესო წიგნს. ბოტების შესაქმნელად  დღესდღეობით უამრავი პლატფორმაა შექმნილი, ბევრი უფასო, ბევრიც ფასიანი. თუმცა მათ უმრავლესობას არ გაანია ქართული ენოს მხარდაჭერა.

ჩვენი შექმნილი პლატფორმა - ინტერაქტიული ბიბლიოთეკა -- სპეციალურად ქართული ბოტების საკეთებლად შეიქმნა და ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქართულენოვანი პლატფორმაა, მისი ინტერფეისი ადვილი მოსახმარია და ჩვენი გუნდიც მზადაა ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარებისთვის. (ჯერჯერობით საიტზე ჩანს ჩვენი შექმნილი "კიბერ გალაკტიონი" და სხვა, უკვე მომხმარებლების მიერ დაწყებული ბოტები)

საკუთარი ბოტის შექმნა ერთერთი ყველაზე კარგი შანსია საკუთარი ტექსტი ისე გამოაქვეყნო რომ ხალხს მასთან საუბარი შეეძლოს, ამ საუბრებზე დაყრდნობით კი ვინ იცის როგორ ფორმებს მიიღებს თავდაპირველი ტექსტი.

ჩვენი ახალი ექსპერიმენტალური პროექტი გულისხმობს მწერლების, ფსიქოლოგებისა და ფილოსოფოსებისთვის (არ შეიზღუდოთ თავი ამ სამი მიმართულებით) უფასო მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მათი ციფრული კლონები, კოგნიტიური სისტემები რომლებიც თავის თავში თქვენს ნააზრევს ინახავს და თქვენი სიტყვებით ესაუბრება ადამიანებს.