საკუთარი თავი თვითონ უნდა ამოიყვანო

ბარონ მიუნჰაუზენი, ერთხელ, საკუთარ ცხენთან ერთად ჭაობში ჩავარდა. ირგვლივ არაფერი იყო რომ მოსჭიდებოდა და არც არავინ იყო რომ დახმარებოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, თვითონვე უნდა დახმარებოდა თავის თავს. ამიტომ მოიკიდა საკუთარ ქეჩოში ხელი და თვითონ ამოიყვანა საკუთარი თავი, ცხენთან ერთად ჭაობიდან.

ბევრი დღევანდელ ინფორმაციულ ფონს ჭაობს უწოდებს, რომელშიც უამრავი გადაუმოწმებელი და ხშირად განგებ არასწორი ინფორმაციაა. ამერიკაში ახლახან დასრულებული არჩევნების მთავარი გმირი, ისევ სოციალური მედია იყო. არჩევნების განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ, ამბობდნენ რომ მომრავლდნენო არასანდო ან აშკარად მოგონილი ამბების შემცვლელი ვებგვერდებიო. ერთ-ერთი მაგალითი მაკედონიელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომელსაც უამრავი მკითხველი ყავდა ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში. ამ ვებგვერდზე არჩევნებთან დაკავშირებულ გამოგონილ ამბებს ავრცელებდა: https://www.buzzfeed.com/craigsilverman/how-macedonia-became-a-global-hub-for-pro-trump-misinfo?utm_term=.jnjq1E1w2#.njb4mPmML

განგებ გამოგონილი და არასწორი ინფორმაციით გაჯერებული, ყალბი საინფორმაციო პორტალების შექმნაში ქართველებსაც მიგვიძღვის გარკვეული წვლილი. ერთ-ერთი ასეთი გვერდის ავტორს „ნიუ-ორკ ტაიმსის“ ჟურნალისტმაც აუღო ინტერვიუ: https://www.nytimes.com/2016/11/25/world/europe/fake-news-donald-trump-hillary-clinton-georgia.html?_r=0

ვებისა და სოციალური მედიის ეპოქაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს მედია საშუალება. ადამიანი მედიუმების ეპოქაში, მიზანმიმართულ ინფორმაციულ ნაკადებს შეუძლიათ ერთი „რეალობა“ მეორეთი ჩაანაცვლონ. ადრე ამ შესაძლებლობას მაგიას მიაწერდნენ ხოლმე.

როგორ მოვედით აქამდე ?

სანამ დამწერლობა გაჩნდებოდა არ არსებობდა რეალობის ავტორიტეტული წყაროები. ამბები ერთი ადამიანიდან მეორესაკენ გადადიოდა, მეორედან მესამისაკენ. ერთი სიტყვით ვერავის, ვერაფერს დაეყრდნობოდი. დამწერლობასთან ერთად გაჩნდა ავტორიტეტული წყაროები. ეს იყო რელიგიური ტექსტები, შემდეგ მნიშვნელოვანი წიგნები, შემდეგ კი ავტორიტეტული გამოცემები, რომლზეც დაყრდნობა შეიძლებოდა.

მართალია კომუნისტურ პერიოდში ავტორიტეტული გამოცემები რეალობის საპირისპიროს გამოსცემდნენ ხოლმე, მაგრამ გაწაფული მკითხველი ასეთ ტექსტებში შინაარს საპირისპიროზე ცვლიდა და რეალობა კვლავ ავტორიტეტული გამოცემის დახმარებით იქმნებოდა. ამგვარი სამყარო იყო მყარი და გასაგები.

დღეს კი ყველაფერი დანაწევრებულია. ისიც კი რაზეც ტრადიციული მედია საუბრობს სოციალური მედიის საშულებით ნაწილ-ნაწილ, ცალკეული სტატიებისა და რეპორტაჟების სახით ვრცელდება. ერთგვარი კვანტური რეალობა შეიქმნა. ტყუილი და ტყუილის გამამტყუნებელი ინფორმაცია ერთდროულად არსებობს და პარალელურად შეირდება, ლაიქდება. ტყუილიც და მართალიც კომენტარებით ივსება. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ, ინფორმაციის რაოდენობა ბევრია, წარმოუდგენლად ბევრია.

დღეს ჩვენც ბარონ მიუნჰაუზენის მსგავსად თავად უნდა ვისწავლოთ, როგორ შეიძლება ვუშველოთ საკუთარ თავს. ვინაიდან ვეღარც ვერაფერს ვეყრდნობით და ვერც, რომელიმე ავტორიტეტული წყარო აგვიხსნის რა როგორ არის სინამდვილეში.

მიუხედავად ამისა, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ბლოგი შევქმნათ სადაც იმ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, რომელიც ახალმა ტექნოლოგიებმა მოგვიტანა. ამ ბლოგში არა საკუთრივ ახალ ტექნოლოგიებზე იქნება საუბარი, არამედ იმაზე თუ როგორ შეცვალა ახალმა ტექნოლოგიებმა სამყარო ჩვენ ირგვლივ და თითოეული ჩვენგანი. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია უკვე თავად გადაწყვიტეთ.