უფრო ახლოს ინტერნეტთან - 50+

ყველას, ვისაც სურს, არ ჩამორჩეს დროს და ინტერნეტის შესაძლებლობები საკუთარ ინტერესებს მოარგოს, "ჯეოლაბი" და "ჯეოსელი" სთავაზობს ერთობლივ სასწავლო პროგრამას "უფრო ახლოს ინტერნეტთან - 50+". პროგრამის ლექტორები „ჯეოლაბის“ კურსდამთავრებულები არიან.

„ეს პროცესი უდიდესი, დადებითი ენერგიით მავსებს. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი სტუდენტები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. მაგალითად, ქალბატონმა ქეთიმ სულ ახლახან ინდივიდუალური ბლოგი შექმნა და აქტიურად წერს. მახსენდება, თუ როგორ მოუწოდებდა სოციალურ ქსელში ქალბატონი ლია თავის შვილს ქართულად წერისკენ... ვთვლი, რომ როგორც უფროსმა თაობამ ბავშვობაში წერა-კითხვა მასწავლა და ბეჭდური სამყარო აღმომაჩენინა, ახლა უკვე ჩემი ჯერია, ვიყო მათი გიდი ციფრულ სამყაროში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ლექტორმა, ნანიკო ხუსკივაძემ.

ორკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან:

  • რა არის და როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი, ინტერნეტი, ბროუზერი, ელ. ფოსტა;
  • სოციალური ქსელების არსი და გამოყენება;
  • ციფრული ტელევიზიისა და YouTube-ის გამოყენება;
  • რა არის სმარტფონი, როგორ გამოვიყენოთ სმარტფონის აპლიკაციები.

 „პროგრამის შესახებ შვილიშვილმა მითხრა. სწორედ მან ჩამწერა კურსებზე. ჩემი შვილიშვილები ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან და მინდა, მათთან საკომუნიკაციოდ Skype-ის გამოყენება ვისწავლო. ასევე მაინტერსებს, თუ როგორ ვისარგებლო YouTube-ით იმისთვის, რომ თავისუფალ დროს სასურველ ვიდეოებს ვუყურო. ჩემი თაობის ადამიანებს ვურჩევდი ასეთ კურსებზე სიარულს“, - თქვა ერთ-ერთმა მსმენელმა, ქალბატონმა მერი ჯოხაძემ და იქვე დასძინა, რომ ეს კურსი მას ჰორიზონტის გაფართოებაში ეხმარება.

სწავლება უფასოა. სასწავლო პროცესში ჩართვა 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.