საბაზისო კურსების დეგუსტაცია ჯეოლაბში

პროგრამირების, დიზაინისა და კომუნიკაციის ერთი ნაჭერი - ამ სახელწოდებით, ჯეოლაბში ვორქშოპების სერია ჩატარდა. ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებდა რომელიმე  მიმართულება, სრულიად უფასოდ შეეძლო, დაეგემოვნებინა გემრიელი ტორტის ერთი ნაჭერი.

„საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვიდა. შეგვეშინდა კიდეც, რომ ამდენ ადამიანს ვერ დავტევდით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 20% მოვიდა ვორქშოპზე. საბედნიეროდ, ეს ის რაოდენობა აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს აუდიტორიებში დაეტია“, - განაცხადა “ჯეოლაბის” რექტორმა.

ვორქშოპებში მონაწილეობის მისაღებად 300-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის, თითოეულისთვის 20 აპლიკანტი შეირჩა. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი  სწავლის სურვილი და მოტივაცია იყო.

„სისტემატურად ვადევნებ თვალს ჯეოლაბის ფეისბუქის გვერდს. სწორედ აქედან შევიტყვე დიზაინის ვორქშოპის შესახებ. ჩემთვის ეს შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული გამოდგა, რადგან პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა. ლექციის დასასრულს, ანიმაციაც შევქმენით დამოუკიდებლად“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ მუმლაძემ.

ვორქშოპი გრაფიკულ დიზაინში ჯეოლაბის რექტორმა სანდრო ასათიანმა ჩაატარა, კომუნიკაციაში - ლიკა მოშიაშვილმა, ნინო გელაშვილმა და ანდრო ბორცვაძემ, ხოლო პროგრამირებაში - ალექსი ამნიაშვილმა და ანი ასათიანმა.

სანდრო ასათიანის თქმით, „გემრიელი“ ვორქშოპები “ჯეოლაბში” მომავალშიც ჩატარდება.