მობილური პროგრამირება

მოწინავე ტექნოლოგია არაფრით განსხვავდება მაგიისაგან

ართურ ჩარლზ კლარკი

იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. ამიტომაც საჭიროა იმ ენის ცოდნა, რომლის საშუალებითაც კომპიუტერისათვის დავალების მიცემაა შესაძლებელი. დღეს პროგრამისტები „ჯადოქრებს“ გვანან. ისინი პროგრამული კოდის ჯადოსნური სიტყვებით ადამიანისათვის წარმოუდგენელ პროცესებს მართავენ.

თავის მხრივ სმარტფონიც ადამიანისათვის შეუცვლელია და ისიც ჯადოსნურ მოწყობილობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იგი არა მარტო საკომუნიკაციო საშუალებაა, არამედ მისი დახმარებით სოციალურ ქსელში მეგობრებთან ვურთიერთობთ, მასში საკუთარი ფოტოებისა და ვიდეო ჩანაწერების უზარმაზარ არქივს ვინახავთ, მულტიმედიურ ჩანაწერებს ვაკეთებთ და მობილური თამაშებით ვირთობთ თავს. საქმეშიც შეუცვლელია, ონლაინ ბანკინგისა და სხვადასხვა სერვისების საშუალებით ყოველდღიურ პრობლემებს ვწყვეტთ.

ჯეოლაბში ისწავლება მობილური აპლიკაციების დაპროგრამება, როგორც აიფონისათვის (iOS ოპერაციული სისტემისთვის) ასევე Android ტელეფონებისათვის. პირველ შემთხვევაში სტუდენტები Apple-ის მიერ ახლად შექმნილ პროგრამულ ენას, swift-ს სწავლობენ, მეორე შემთხვევაში კი JAVA-ს Android-ისათვის. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, ამიტომ სტუდენტები მობილურ აპლიკაციებს თავად ქმნიან. GeoLab-ის სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან Mac-ის კომპიუტერებით, ასევე მათ შეუძლიათ საკუთარი iOS აპლიკაციების GeoLab-ში არსებული iPhone-ისა და iPad-ის საშუალებით დატესტვა.